დღეს, 18 ივლისს, რუსული დამოუკიდებელი ტელეარხი დოჟდი მუშაობას განაახლებს, მათ შორის, ფორმულასთან თანამშრომლობით.
ტელეკომპანია 12-წლიანი მუშაობის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში დაიხურა. მიზეზად რუსეთის მიერ მიღებული კანონი გახდა, რომლითაც აიკრძალა სიტყვა ომის გამოყენება და "სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება". ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა მაშინ თქვეს, რომ ტყუილის გაშუქებაზე უარს ამბობდნენ.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს, 18 ივლისს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დოჟდის მუშაობა აღდგება.
მათი პირველი სტუდიები რიგაში, ამსტერდამში, პარიზსა და თბილისში განთავსდება.
დოჟდი ლატვიაში ტელეკომპანია TV3-თან თანამშრომლობს, საქართველოში კი - ფორმულასთან.
ტელეკომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ:
მარტში ეთერის იძულებით შეწყვეტის შემდეგ შევძელით, შეგვენარჩუნებინა გუნდი და ძირითადი პრინციპები: ბოლო 12 წლის მსგავსად, ცენზურისა და მანიპულაციის გარეშე ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებზე.
დოჟდი ეთერში რამდენიმე ეტაპად დაბრუნდება: ჯერ საინფორმაციო გამოშვება და რამდენიმე საავტორო პროგრამა აღდგენა, შემდეგ კი მეტი კონტენტი გაჩნდება. შემოდგომაზე ვგეგმავთ რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებას.
რუსეთში მიღებული რეპრესიული კანონების გამო იძულებული გავხდით, ქვეყნიდან წავსულიყავით და ახლა მის გარეთ ვმუშაობთ. ლატვიაში ახალი კომპანია გავხსენით და ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მივიღეთ. პირველ ეტაპზე ჩვენი სტუდია განთავსდება რიგაში, ამსტერდამში, პარიზსა და თბილისში ლატვიაში ვთანამშრომლობთ ტელეკომპანია TV3-თან, საქართველოში კი ტელეკომპანია ფორმულასთან.
ჩვენ მშვენივრად გვესმის საზღვარგარეთიდან მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მინუსი და პრობლემა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით. ჩვენ ველით ჩვენი მაყურებლის აქტიურ დახმარებას შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციის მოძიებაში. ნებისმიერი კითხვისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ამ მისამართზე: news@tvrain.tv.
იმ 4 თვის განმავლობაში, რაც ტელეკომპანია დოჟდი არ მუშაობს, გრძელდება სისხლიანი, უაზრო ომი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან აწარმოებს, ხალხი იხოცება, ადამიანების ბედი ნადგურდება.
მხოლოდ გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 5000-მდე ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მოკლულია, სულ მცირე, 352 ბავშვი. მხოლოდ ღია მონაცემებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ რუსეთის არმიამ დაკარგა 4500-ზე მეტი ადამიანი.
ჩვენ გვესმის, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებლები უფრო მაღალია. ეს ომი უკრაინის ქალაქების ნგრევასთან ერთად ანგრევს რუსეთის მომავალს. ქვეყანა იზოლაციაშია, რუსეთი ათიათასობით ადამიანმა დატოვა, რეპრესიებმა ახალ დონეს მიაღწია: ილია იაშინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ადასტურებს, თუ რამდენად ძლიერია ხელისუფლების შიში მათ წინაშე, ვინც ომის შესახებ სიმართლეს ამბობს. სწორედ ამიტომ, ოთხ თვეში 5000-ზე მეტი საიტი დაიბლოკა, მათ შორის, დამოუკიდებელი მედიების ვებ გვერდები და ძირითადი სოციალური ქსელები.
რუსეთის მოქალაქეებს დღეს, როგორც არასდროს, სჭირდებათ დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა. და სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთერის დაბრუნება. ჩვენ, ისევე, როგორც ათობით მილიონ რუსს, გვსურს, დასრულდეს ომი, რუსეთი კი, კატასტროფის და ნგრევის გზიდან განვითარების გზაზე დაბრუნდეს.
ჩვენ, როგორც ათობით მილიონ რუსს, გვსურს, რომ დოჟდის პლატფორმაზე გავაერთიანოთ ისინი, ვინც ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. არ აქვს მნიშვნელობა, სად არიან ეს ადამიანები. ყველას აქვს საკუთარი მიზეზი რუსეთში დარჩენისა თუ წასვლისთვის. ახლა ასეთი კამათისა და უთანხმოების დრო არ არის. დღეს მთავარია ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რაც ხდება.
სატელევიზიო არხი დოჟდი იწყებს მუშაობას ყველა პლატფორმაზე - შეგიძლიათ გვიყუროთ და წაიკითხოთ ჩვენს ყველა სოციალურ ქსელში, YouTube-სა და საკაბელო ქსელებზე. ჩვენი აპლიკაციები და ვებგვერდი პირველ ეტაპზე არ იმუშავებს, მაგრამ მათ გაშვებაზეც ვმუშაობთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ექსკლუზიური კონტენტის მომზადებას ჩვენი გამომწერებისთვის.